სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

კვლევითი ნაშრომი

კვლევითი ნაშრომი (სამაგისტრო თეზისი)

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტების დასრულების შემდეგ, პროგრამის დამამთავრებელ სემესტრში სტუდენტი ასრულებს სამაგისტრო ნაშრომის კომპონენტს, რომელიც მოიცავს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების ბოლო სემესტრის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომის შემუშავებას და სემესტრის ბოლოს - ნაშრომის საჯარო დაცვას.

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ეტაპები      

სამაგისტრო ნაშრომის შესრულება მოიცავს:

ა). სამაგისტრო ნაშრომის სათაურის შეთანხმებას;

ბ). სამაგისტრო ნაშრომისა და კვლევის გეგმის შედგენას;

გ). ხელმძღვანელთან კონსულტაციებს;

დ). კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას;

ე). ლიტერატურასთან, სამეცნიერო და სხვა წყაროებთან დამოუკიდებელ მუშაობას;

ვ). სამაგისტრო ნაშრომის პირველად დაცვას;

ზ). სამაგისტრო ნაშრომის პირველადი ვერსიის ხელმძღვანელის მიერ შეფასებას;

თ). სამაგისტრო ნაშრომის პლაგიატზე კონტროლს;

ი). სამაგისტრო ნაშრომის რეცენზირებას;

კ). სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვას.

კვლევითი ნაშრომის არჩევა

სამაგისტრო ნაშრომის თემა უნდა ეხებოდეს აქტუალურ, მაგრამ არა ძალიან ფართო პრობლემას, რომლის ანალიზისას მაგისტრანტმა უნდა შეძლოს ორიგინალურობის ჩვენება.

სამაგისტრო ნაშრომის თემა უნდა შეესაბამებოდეს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობისთვის აქტუალურ სამეცნიერო მიმართულებებს და მისი შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რეალურად ხელმისაწვდომი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზების შესაძლებლობები.

სამაგისტრო ნაშრომის  თემის არჩევის შემდეგ მაგისტრანტი, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენს მას  სამაგისტრო ნაშრომის გეგმის პროექტს, რის საფუძველზეც მაგისტრანტი და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი ერთობლივად ადგენენ სამაგისტრო ნაშრომის გეგმას.

აკადემიური პატიოსნების სტანდარტების დაცვა

სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისას მაგისტრანტი ვალდებულია დაიცვას აკადემიური პატიოსნების ნორმები.

ანტიპლაგიატზე შემოწმების შედეგად ნაშრომში გამოვლენილი პლაგიატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს.

აკადემიური პატიოსნების სტანდარტი

კვლევის განხორციელება და ეთიკის დაცვა

მაგისტრანტი ახორციელებს დამოუკიდებელ კვლევას, ლიტერატურასთან და სამეცნიერო ბაზებთან მუშაობას, ახდენს კვლევის შედეგების დამუშავებას და ნაშრომის ტექსტობრივი ნაწილის მომზადებას.

დამოუკიდებელი კვლევის განხორციელებისას მაგისტრანტი ვალდებულია დაიცვას სამეცნიერო ეთიკის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინფორმაციის სანდოობისა და ობიექტურობის პრინციპები, გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია მხოლოდ სამეცნიერო კვლევის მიზნებისათვის, გაავრცელოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია მხოლოდ განზოგადებული სახით.

სამაგისტრო ნაშრომში მაგისტრანტმა უნდა წარმოაჩინოს, რომ ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ მან ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა, შეძლო პრობლემური საკითხის მეცნიერული მეთოდებით დამუშავება და შედეგების დამაჯერებელი არგუმენტაციით წარმოდგენა.

კვლევითი ნაშრომის შეფასება

კვლევითი ნაშრომის შეფასების დროს ყურადღება ექცევა სამაგისტრო ნაშრომის შესრულების შემდეგ კომპონენტებს:

ა). საკვლევი თემის სიახლე, შერჩეული თემის პრაქტიკული ღირებულება                                                                                    

ბ). ჩატარებული კვლევის  ხარისხი, კვლევის მეთოდებისა და მიმართულების

შესაბამისობა დასმულ პრობლემასთან                                                                 

გ). შერჩეული მასალა, პირველწყაროები, სამეცნიერო ლიტერატურა   

დ). ჩატარებული კვლევის საფუძველზე დასკვნის არგუმენტაცია

ე). ნაშრომის ენა და სტილი, ტექსტის სტილისტური და გრამატიკული გამართულობა

ვ). ნაშრომის გაფორმების ხარისხი, ბიბლიოგრაფიის მითითების სისწორე  

ზ). თემის წარდგენის უნარი, კითხვებზე პასუხი                                                                        

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება ერთჯერადად, ერთ-ერთი შემდეგი შეფასებით::

ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;

ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;

გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;

დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;

ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;

ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;

ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში მაგისტრანტი  განმეორებით წარადგენს ნაშრომს არსებული წესის შესაბამისად.

სრულიად არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია მომავალ სემესტრში შეასრულოს სხვა სამაგისტრო ნაშრომი.

სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ცალკეული ეტაპები განისაზღვრება უნივერსიტეტის სამაგისტრო ნაშრომის შესრულების ინსტრუქციის შესაბამისად.

Message body empty