არ მსურს გამოწერა

ფაკულტეტის საბჭო

ფაკულტეტის საბჭო არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის/სკოლის ფარგლებში შემავალი ყველა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლობითი ორგანო;

ფაკულტეტის საბჭო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების/პროგრამული მიმართულებების ფარგლებში აკადემიური მუშაობის კოორდინირებას, ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და ხელს უწყობს ფაკულტეტის  დეკანს საგანმანათლებლო ერთეულს მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებაში;

ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციები:

  • უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭო:
  • მონაწილეობს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური ანგარიშის განხილვაში;
  • წარუდგენს უნივერსიტეტს წინადადებებს აკადემიური კორპუსის განვითარებასთან დაკავშირებით, წინადადებებს აკადემიური კონკურსის ჩატარებისა და აკადემიური პერსონალის სამუშაო აღწერილობის ცვლილების თაობაზე;
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, სამიზნე ნიშნულების დადგენასა და ისმენს სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშებს;
  • მონაწილეობს ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ისმენს გეგმის შესრულების ანგარიშს;
  • ისმენს პროგრამის განვითარების გეგმას და წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს აკადემიურ საბჭოს;
  • როგორც ფაკულტეტის დეკანის სათათბირო ორგანო შეიმუშავებს წინადადებებს ფაკულტეტის უფლებამოსილებას განკუთვლი სხვა საკითხების შესახებ.


ფაკულტეტის საბჭოს ფორმირების წესი

  1. ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი თითოეული პროგრამული მიმართულებიდან თითო აფილირებული აკადემიური პერსონალი;
  2. ფაკულტეტის საბჭოს წევრს ირჩევს თითოეული ფაკულტეტის შესაბამისი პროგრამული მიმართულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით;
  3. არჩევნების თარიღსა და პროცედურას ადგენს აკადემიური საბჭო;
  4. კანდიდატურის წამოყენება შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აფილირებულ აკადემიურ პერსონალს;
  5. ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების გამართულად განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით ქმნის საარჩევნო კომისიას;
  6. ფაკულტეტის საბჭოს წევრი აირჩევა 2 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადისა;
  7. ფაკულტეტის საბჭოს წევრის აკადემიური თანამდებობებიდან განთავისუფლება/აფილირების შეწყვეტა არის მისთვის ფაკულტეტის საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველი;
  8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრი აირჩევა არაუგვიანეს 3 თვისა შესაბამისი მიმართულების აფილირებული აკადემიური პერსონალიდან;
  9. ფაკულტეტის  საბჭოს წევრების არჩევნების შედეგები და ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.

ფაკულტეტის საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა:

ფაკულტეტის საბჭოს წევრს ამავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური საბჭოს წევრის თანამდებობა;

ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გამართვის წესი

  • ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი;
  • თუ ფაკულტეტის დეკანი ვერ ასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას, აღნიშნულ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა განისაზღვრება რექტორის აქტით;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დასწრება შეუძლიათ აფილირებულ აკადემიურ პერსონალს, პროგრამების ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის რექტორსა და ვიცე-რექტორს, აკადემიური საბჭოს წევრებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტის ფარგლებში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომები მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. აუცილებელია თითო სხდომის ჩატარება გეგმიური სასწავლო სემესტრის დაწყებამდე და დასრულებისას;
  • რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის, პროგრამის ხელმძღვანელის ან რექტორის გადაწყვეტილებით.
  • საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
  • ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
  • გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით და ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ ფორმდება ოქმის სახით;
  • ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობება აკადემიურ საბჭოს და უნივერსიტეტს.