სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევა

აკადემიური კეთილსინდისიერება

პლაგიატი არის ყველა ის ტექსტი/ფრაზა/იდეა/კვლევის მონაცემი, რომელსაც პირი იყენებს საკუთარ ნაშრომში ავტორის/წყაროს მითითების გარეშე.

წყაროდ ითვლება ის წიგნი, სტატია, სახელმძღვანელო, ბლოგი, ასევე ისეთი მასალა, რომელიც არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის კონკრეტულ პირს.

უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის სტანდარტის მიხედვით, პლაგიატი აკრძალულია და იგი ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსს.

პლაგიატად ჩაითვლება ნაშრომი, რომელშიც:

  • ციტირებულია სხვა ავტორის აზრი (გადაწერილია ფრაზები, აბზაცი ან აბზაცის ნაწილი) და არ არის გამოყენებული ე.წ. ბრჭყალები ავტორის/წყაროს მითითებით, ან ტექსტი არ გამოიყოფა სხვა საშუალებით (მუქი შრიფტი, დახრილი შრიფტი...);
  • გაკეთებულია პერიფრაზი (წყაროდან ამონარიდი ტექსტის შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა), რომელშიც ორიგინალური ტექსტის ფრაზები ოდნავ არის შეცვლილი და წარმოდგენილია როგორც საკუთარი.
  • გამოყენებულია კვლევის შედეგები, მათ შორის საკუთარი (სტატია, პროექტი, წიგნი), რომელსაც არ აქვს მითითებული წყარო.
  • კოპირებულია და გამოყენებულია სხვადასხვა ვებ-გვერდის/პორტალის მასალა (კვლევის შედეგები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.) წყაროს მითითების გარეშე.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაზე რეაგირება რეგულირებულია უნივერსიტეტის სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით.

„უნებლიე პლაგიატისგან“  თავის არიდების მიზნით საჭიროა ზუსტი ზღვრის გავლება ე.წ. ზოგად ცოდნასა და კონკრეტული ავტორის/ავტორების მიერ შექმნილ ცოდნას შორის. თუ ნაშრომის ავტორისთვის საეჭვოა წყაროს მითითება-არმითითების საკითხი, რეკომენდებულია, გაიაროს კონსულტაცია სხვა მეცნიერთან, ან მიუთითოს წყარო, ვიდრე ტექსტი ჩაითვალოს პლაგიატად. 

„პერიფრაზი“ არ გულისხმობს ორიგინალი ტექსტიდან მხოლოდ ცალკეული სიტყვების შეცვლას, არამედ ნიშნავს ამ ტექსტის გარკვეული ნაწილის შინაარსის გადმოცემას საკუთარი სიტყვებით, ამასთან, ავტორისათვის დამახასიათებელი სტილით და ნაშრომის კონტექსტის გათვალისწინებით. პერიფრაზის შემთხვევაშიც აუცილებელია ავტორის/წყაროს მითითება, რადგან პერიფრაზი სხვისი აზრის გადმოცემაა.

„ციტირება“ არის საკუთარ ნაშრომში სხვა ავტორის აზრების/შეხედულებების გამოყენება სიტყვების შეუცვლელად გადმოტანის გზით. ციტირების შემთხვევაში, ციტირებული ტექსტი უნდა ჩაისვას ბრჭყალებში, ან გამოიყოს მუქი, დახრილი შრიფტით და მიეთითოს წყარო უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.

რეზიუმირება გულისხმობს მთლიანი წყაროს, ან ამ წყაროს ნაწილის ზოგადი აზრის რეზიუმირებას და გამოყენებას ნაშრომში შესაბამისი წყაროს მითითებით.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დებულებით დადგენილია, სტუდენტურ თუ სამეცნიერო კვლევით ნაშრომში ორიგინალი ტექსტის (ციტატების, პერეფრაზის და სხვა წყაროებიდან მოყვანილი ტექსტის გამოყენების გარეშე) მინიმალური მოცულობის ზღვარი.

სტუდენტური ნაშრომებისთვის ორიგინალი ტექსტის მოცულობის მინიმალური ზღვარია:

  • საბაკალავრო ნაშრომისთვის, პრეზენტაციისთვის, პროექტისთვის - 60%;
  • სტუდენტური სტატიისთვის, ესესთვის, საკონფერენციო ნაშრომისთვის - 75 %;
  • სამაგისტრო ნაშრომისთვის, პროექტისთვის - 85%;
  • სტუდენტური ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს, არ შეფასდება.

სამეცნიერო ნაშრომებისთვის ორიგინალი ტექსტის მოცულობის მინიმალური ზღვარია:

  • სამეცნიერო სტატიისთვის - 90%;
  • სამეცნიერო გრანტისთვის - 95%;
  • სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებს, არ დაიშვება შესაბამის კვლევით პროექტში.


აღნიშნული ზღვრის დაძლევა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის მიერ დასაშვები მოცულობის ორიგინალი ტექსტის მქონე ნამუშევრებიდან იმ ნამუშევრისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომელიც მოცულობით მეტ ორიგინალ ტექსტს შეიცავს.

Message body empty