EN GE

პროგრამის მიზანი

დამატებითი სპეციალობის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს ფინანსების სფეროს ფართო ცოდნა. გამოუმუშაოს საფინანსო სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღების და საბაზრო რისკების შეფასების, ფინანსური ინფორმაციის თავმოყრის, ანალიზის, ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი; განუვითაროს საბუღალტრო, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის სისტემების გამოყენების, ბიუჯეტის მომზადების, ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემების დიაგნოსტირების და მის გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების გამოყენების, ფინანსების სფეროში არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების, თვითრეალიზაციის, შინაგანი მოტივაციის, დაგეგმვის და ორგანიზაციული საქმიანობის რესურსების ოპტიმალური გამოყენების უნარი. ფინანსების დამატებითი სპეციალობის ამოცანაა გამოუმუშავოს სტუდენტს ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკული უნარი, დამოუკიდებლად საქმიანობის გაძღოლის ჩვევები, რათა მათ შესძლონ მაღალ კონკურენტულ პირობებში მუშაობა ნებისმიერ საფინანსო სტრუქტურაში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

სფეროს აღწერა

ფინანსების დამატებითი საბაკალავრო პროგრამის აქტუალობას განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესები, საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და საბაზრო ინსტიტუტების როლის გაძლიერება, კერძო მეწარმეობის სწრაფი განვითარება, დამსაქმებელთა მოთხოვნები, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და ამ პროცესებში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსური მენეჯმენტის გაზრდილი როლი, ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის მქონე ორგანიზაციათა ფინანსური ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა, რაც მოითხოვს კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ბიზნეს-პროცესების ფინანსურ მართვასა და ბიზნეს-საქმიანობის ოპტიმიზაციაზე მიმართულ პროექტებში მონაწილეობას, ფინანსების სწორი მენეჯმენტით ორგანიზაციის ეფექტიანობის ხელშეწყობას და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში წარმატებულ პრაქტიკულ საქმიანობას.