2020 წლის 1 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფმა ახალი კორონავირუსის ორგანიზაციაში გავრცელების პოტენციური საფრთხეების განხილვისა და მისი თავიდან აცილების ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სეუ-ს რექტორი ხელმძღვანელობდა.
სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფმა ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით პრევენციულ ღონისძიებათა გეგმა წარმოადგინა.
აღნიშნული გეგმა შემუშავდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის №296 ბრძანებით დამტკიცებული „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი“-ისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის გეგმის საფუძველზე.
სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია ელექტრონული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა უმოკლეს ვადაში და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობას იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით აუცილებელი გახდება სასწავლო პროცესის კვლავ გადადება ახალი კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ან/და იქამდე, სანამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა არ განეიტრალდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკისა და სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, რექტორის ბრძანებით 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 16 მარტი.