სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მენეჯმენტი

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:


• მისცეს ბიზნესისა და მისი გარემოს შესახებ თეორიული ცოდნა. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ბიზნესის ფუნქციონირების პრინციპების, ეკონომიკური აგენტების ქცევისა და ეკონომიკური გარემოს კანონზომიერებების შესახებ.

• აღჭურვოს ორგანიზაციის მართვის შესახებ თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით. სტუდენტები შეისწავლიან ორგანიზაციის სხვადასხვა ფუნქციების განხორციელების და მათი მართვის პრინციპებს; გაეცნობიან სხვადასხვა ზომისა და ორგანიზაციული დიზაინის მქონე ორგანიზაციების მართვის თავისებურებებს; გააცნობიერებენ ბიზნესგარემოში
არსებულ საფრთხეებს და გააანალიზებენ მათი მართვის მეთოდებს; შეისწავლიან თანამედროვე ბიზნესგარემოში ხარისხის სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების მნიშვნელობას და მათი წარმატებით დანერგვის გზებს; აითვისებენ კვლევისთვის საჭირო რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინსტრუმენტებს.


• შესძინოს ბიზნეს სამყაროში კომუნიკაციის უნარი. სტუდენტები განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორებიცაა წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ და უცხოურ ენებზე; შეისწავლიან ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოში კომუნიკაციას და ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.


• განუვითაროს გუნდში მუშაობის და მისი მართვის უნარი. გააცნობიერებენ სამუშაო გარემოს თავისებურებებს; გაეცნობიან გუნდში მუშაობის სპეციფიკას, ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს; შეისწავლიან გუნდში მუშაობისას პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს.


• ჩამოუყალიბოს მენეჯერული აზროვნება საკუთარი თავის, ორგანიზაციის, გლობალურ გარემოში საქმიანობის, ურთიერთობების და ცვლილებების მართვისთვის. პროგრამის დასკვნით ფაზაში, სასწავლო პროცესში შემოდის კურსები, რომლებიც, ერთი მხრივ, განავრცობს სტუდენტის მიერ უკვე მიღებულ ცოდნას, ხოლო მეორე მხრივ განსაკუთრებით აძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს. სტუდენტები შეისწავლიან მულტიკულტურულ გარემოში მენეჯმენტის თავისებურებებს და მიდგომებს; გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის ბაზარზე სტრატეგიების განხორციელებისა და შიდა და გარე გარემოს ანალიზის მეთოდებს; აითვისებენ პროექტების მართვის მეთოდებსა და თავისებურებებს.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

• იცნობს თანამედროვე ბიზნესის არსს, თავისებურებებსა და გამოწვევებს;


• აფასებს ეკონომიკურ მოვლენებს, პროცესებს და აკავშირებს ბიზნესთან;


• არჩევს ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოსთან კომუნიკაციის ფორმებს;


• იყენებს ორგანიზაციის რესურსების მართვის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს;


• ავლენს ინდივიდუალური და გუნდური ქცევის მოტივებს და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას;


• შეიმუშავებს პროექტს და ასაბუთებს მის განხორციელებადობას რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი კვლევით და მისი შედეგების კომუნიკაციით;


• განასხვავებს ბიზნეს სტრატეგიების სახეებს და მსჯელობს მათი დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ;


• იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს მენეჯერული ფუნქციების განხორციელების პროცესში;


• ავითარებს მენეჯერული აზროვნების ხუთ კომპონენტს: რეფლექსური აზროვნება, ანალიტიკური აზროვნება, გლობალური აზროვნება, თანამშრომლობაზე ორიენტირებული აზროვნება, ქმედებაზე ორიენტირებული აზროვნება;


• ახორციელებს დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და კონტროლს გუნდში მუშაობისას ან დამოუკიდებლად და აცნობიერებს ამ პროცესში ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს.

ჩარიცხვის პირობები

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე და და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

პროგრამის დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიციები:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მენეჯმენტის საკონსულტაციო, ანალიტიკურ, სამშენებლო, საცალო ვაჭრობის, სადისტრიბუციო, ტურისტულ, ელექტრონული კომერციის სფეროს, ჯანდაცვის სფეროს, მომსახურების სფეროს და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორებში მოქმედ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებში. ამ კომპანიებში კურსდამთავრებულს შეუძლია სხვადასხვა დეპარტამენტებში საშუალო რგოლის მენეჯერად ან სპეციალისტად მუშაობა და შესაბამისი ფუნქციების შესრულება.

სამუშაო დეპარტამენტებია:
• ანალიტიკური დეპარტამენტი
• ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
• კვლევების და განვითარების დეპარტამენტი
• ადმინისტრაციული დეპარტამენტი
• სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი
• შიდა აუდიტის დეპარტამენტი
• ფინანსური დეპარტამენტი
• პროექტების დეპარტამენტი
• მარკეტინგის დეპარტამენტი
• რისკების დეპარტამენტი
• წარმოების დეპარტამენტი
• კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტი
• მცირე ბიზნესი
• შესყიდვების დეპარტამენტი
• გაყიდვების დეპარტამენტი
• ხარისხის მართვის დეპარტამენტი



იხილეთ მენეჯმენტის პროგრამა დეტალურად

ზოგადი ინფორმაცია

მენეჯმენტი

Message body empty