სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასარგებლო ინფორმაცია

სასარგებლო ინფორმაცია

სტრატეგიის მიზნები და ამოცანები

1. საუნივერსიტეტო განათლების განხორციელება წარმოუდგენელია უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის განვითარების გარეშე. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პოტენციალისა და მისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ზრდა შეუძლებელია უნივერსიტეტის, მისი აკადემიური კორპუსის და მისი საგანმანათლებლო პრორგამების ფარგლებში სამეცნიერო კვლევის აქტუალობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის და გამოყენებადობის ხარისხის გაზრდის გარეშე.

2. წინამდებარე სტრატეგია მიზნად ისახავს უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევის ორგანიზებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრას,  კვლევაში ჩართული და კვლევის მხარდაჭერასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი პირების წრეს, საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმებს, კვლევის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს და კვლევის  განხორციელების ზოგად პოლიტიკას.

3. კვლევითი საქმიანობის ეფექტურობა და სამეცნიერო კვლევაში ჩართულობა არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საქმიანობის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი.

კვლევითი საქმიანობის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის მექანიზმები

სამეცნიერო კვლევის საუნივერსიტეტო მხარდაჭერის სისტემა მოიცავს კვლევების მხარდამჭერი ორგანიზაციული სტრუქტურების, კვლევის შეფასების ინდიკატორების, საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემის, პლაგიატის საწინააღმდეგო პოლიტიკებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დანერგვას. 

აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება კვლევის განვითარებაში

კვლევით საქმიანობის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას, კვლევის ავტორის განაცხადის გარე დამოუკიდებელი შეფასების გათვალისწინებით იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციული მხარდაჭერის სტრუქტურები

1. უნივერსიტეტის საერთო მიზნებთან და გეგმებთან შესაბამისობაში, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით იქმნება საუნივერსიტეტო კვლევების განვითარების სამსახური. 

2. კვლევების განვითარების სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო კვლევის განვითარების ხელშეწყობას, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაგეგმვა-შეფასების პროცესების კოორდინაციას, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობების განხორციელების ორგანიზაციულ მხარდაჭერას, კვლევის ფარგლებში აკადემიური პატიოსნების დაცვის კონტროლს.

3.კვლევების განვითარების სამსახურის უფლებამოსილებები თავისი ამოცანების მისაღწევად შემდეგია:

  • შეიმუშავებს უნივერსიტეტის კვლევითი ღონისძიებების გეგმას;
  • ორგანიზებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევით აქტივობებს (კონფერენციები, სემინარები, ვორქშოპები და სხვა);
  • მონაწილეობს კვლევითი ნაშრომების რევიუს და რეცენზირების პროცესის შესაბამისი კადრებით დაკომპლექტების პროცესში;
  • აანალიზებს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის და უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრების ანგარიშებს;
  • ადმინისტრირებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევით გრანტებს;
  • ამზადებს დასკვნას აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაზე და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აკადემიური კვლევის უნივერსიტეტში განვითარებისთვის;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ფარგლებში აკადემიური პატიოსნების დაცვას და მონაწილეობს პლაგიატის საწინააღმდეგო ღონისძიებების  დანერგვაში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად, შეიმუშავებს და ადმინისტრირებას უწევს კვლევით საქმიანობას ინტერნაციონალიზაციის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად, უზრუნველყოფს ერთობლივი საგრანტო, სასტიპენდიო და კვლევითი პროექტების კოორდინირებას უნივერსიტეტის სახელით;

ზრუნავს უცხოელი მკვლევარების უნივერსიტეტში მოწვევაზე.

4. სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად უნივერსიტეტის, მისი ცალკეული საგანმანათლებლო ერთეულისა ან საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ფარგლებში, შესაძლებელია შეიქმნას დამოუკიდებელი კვლევითი ერთეული. (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, ცენტრი და ა.შ)

5. დამოუკიდებელი კვლევითი ერთეული ხელმძღვანელობს თავის მიერ შემუშავებული დებულებით და უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სამსახურთან კოორდინირებით, დამოუკიდებლად ახორციელებს შესაბამისი მიმართულების კვლევებს, თავის მიერ მოძიებული, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი, თუ საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში მიღებული ბიუჯეტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული კვლევითი გეგმის შესაბამისად. 

სამეცნიერო კვლევის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა

1. უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის განვითარებისა და წახალისებისთვის, უნივერსიტეტი ფინანსური დაგეგმვის დროს, ითვალისწინებს კვლევითი პროექტების დაფინანსებისთვის დადგენილ ბიუჯეტს და ადგენს კვლევების დაფინანსების, თანადაფინანსებისა და დაფინანსებაზე უარის თქმის წესს, პროცედურებსა და უფლებამოსილ ორგანოებს.

2.უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: 

  • უნივერსიტეტის ბიუჯეტის კვლევითი ერთეულისთვის გამოყოფილი გეგმური დაფინანსება;
  • საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში მიღებული დაფინანსება;
  • გარე წყაროებიდან მიღებული დაფინანსება;

აღნიშნული დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია კვლევითი პროექტის როგორც სრულად, ასევე, თანადაფინანსებისთვის.

კვლევებისთვის დადგენილი ბიუჯეტის ოდენობა უნდა იყოს შენარჩუნებული ან გაზრდილი ყოველი მომავალი წლისათვის.

საუნივერსიტეტო კვლევების ინფორმაციული მხარდაჭერა

1. საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროექტებში უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდის მიზნით, უნივერსიტეტი ზრუნავს აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების ინფორმირებულობის დონის გაზრდაზე, კვლევითი პროექტებისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობების თაობაზე, ასევე აკადემიური საზოგადოების ინორმირებისთვის, უნივერსიტეტის სამეცნიერო და კვლევით მიღწევებზე.

2. კვლევების განვითარების სამსახური მიაწვდის ინფორმაციას უნივერისტეტის  პერსონალს და სტუდენტებს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების შესახებ, დაინტერესებულ პირებს უტარებს კონსულტაციებს და ეხმარება სასურველი გრანტის მოძიებაში.

3. სამეცნიერო-კვლევითი გრანტის ადმინისრტირებასა და კოორდინირებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის პირობა არის პროექტში აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტის სახელით ჩართულობა.

4. აკადემიური პერსონალის ინფორმირებულობისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობის გაზრდის მიზნით უნივერსიტეტი ახორციელებს ყოველწლიურ ტრენინგებს შემდეგ თემატიკაზე:

  • სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაწერა
  • სამეცნიერო გრანტის მენეჯმენტი
  • სამეცნიერო აკადემიური უნარები

5. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის კვლევითი მოღვაწეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, უნივერსიტეტი ზრუნავს თავისი გამოცემების რეიტინგისა და სანდოობის ამაღლებაზე, ასევე მათ ინდექსირებადობაზე მსოფლიო სამეცნიერო გამოცემების ბაზაში. 

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი

უნივერსიტეტი გამოსცემს სამეცნიერო  ჟურნალს SEU&SCIENCE

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი გამოიცემა 6 თვეში ერთხელ, ბიანუალური კრებულის სახით.

კონკრეტულ მიმართულების სამეცნიერო სტატიები შესაძლებელია გამოცემულ იქნას უნივერსიტეტის რიგგარეშე, სპეციალურ გამოცემაში.

ჟურნალი დაყოფილია ძირითად მიმართულებებად, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

სამეცნიერო ჟურნალის ადმინისტრირებას ახორციელებს უნივერსიტეტის სარედაქციო კოლეგია და კვლევების განვითარების სამსახური, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენენ ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას.

თითოეული მიმართულებისთვის სარედაქციო კოლეგია იწვევს მინიმუმ ორ სპეციალისტს.  დასაშვებია სარედაქციო საბჭოში სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ან/და უცხოელი სპეციალისტების მოწვევა.

თითოეული მიმართულების სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review).

რეცენზირება ხორციელდება სტატიის პირველადი შემოწმების (desk review) შესაბამისი დარგის სპეციალისტების მოწვევით (blind review) ან საჯარო რეცენზირებით სამეცნიერო საზოგადოების ქსელში (crowd review), რისთვისაც უნივერსიტეტი შეიმუშავებს შესაბამის პროგრამულ და საინფორმაციო უზრუნველყოფას.

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა და კვლევითი ნაშრომის პუბლიკაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ.

საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.

უნივერსიტეტი უფლებამოსილია ავტორთან შეთანხმების გარეშე უსასყიდლოდ გაავრცელოს შესაბამისი სამეცნიერო სტატიების კრებული მის მიერ არჩეული ფორმით, გამოიყენოს იგი სამეცნიერო კვლევისა და საბიბლიოთეკო ფონდების განვითარებისთვის.

აკადემიური პატოსნება და პლაგიატთან ბრძოლა

1. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, იყოს მის ფარგლებში ან მისი სახელით ჩატარებული საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში აკადემიური პატიოსნების დაცვის გარანტი, ასევე გამოავლინოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევაზე, გაატაროს პლაგიატთან ბრძოლის პოლიტიკა, დანერგოს აკადემიური პატიოსნების დარღვევისა და ამ დარღვევებზე დისციპლინარული რეაგირების მექანიზმები, ასევე, განსაკუთრებით მკაცრი ზომები გაატაროს პლაგიატისა და მისი რეციდივის შემთხვევაში. 

2. პლაგიატად მიიჩნევა სხვისი ნაშრომის განზრახ მითვისება, მთლიანად ან ნაწილობრივ მისი როგორც საკუთარის, გამოყენება ან მისი მცდელობა, კერძოდ:

  • სხვისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის მითვისება;
  • საკუთარი სახელით სხვისი ნამუშევრის ან მისი ნაწილის წარდგენა;
  • სხვისი ნამუშევრის გამოყენება ციტირების მოთხოვნილი წესის დაცვის გარეშე;
  • წარმოდგენილ ტექსტში სხვისი ნაშრომით სისტყვასიტყვითი ციტირება, სიტყვითი ან წინადადების წყობის ცვლილება, შინაარსის ცვლილების გარეშე, სხვისი ნამუშევრიდან გამომდინარე დასკვნების მოყვანა  წყაროს მითითების გარეშე.
  • უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მის მიერ ორგანიზებულ/კოორდინირებულ სამეცნიერო საქმიანობაში უნივერსიტეტი გამოიყენოს  პლაგიატის  აღმომჩენი კომპიუტერული პროგრამა და სხვა ამისთვის აუცილებელი ინფორმაციული რესურსი.
  • პლაგიატის საწინააღმდეგო სისტემა ინტეგრირებულია აკადემიური საქმიანობის ყველა დონეზე. პლაგიატზე შემოწმებას გაივლის ყველა სამეცნიერო ნაშრომი, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი/თარგმნილი  ნებისმიერი ლიტერატურა.

აკადემიური  პერსონალის კვლევაში ჩართულობის გაზრდა

1. უნივერსიტეტი ყველა მომდევნო აკადემიური კონკურსის ჩატარებამდე, აკადემიური პერსონალისა ან ლექტორისთვის კონტრაქტის გაგრძელების დროს, ითვალისწინებს მათ სამეცნიერო კვლევით პოტენციალსა და სამეცნიერო კვლევაში ჩართულობას.

2. უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, კვლევების განვითარების სამსახურთან ერთად,  ახორციელებს უნივერსიტეტის პერსონალის კვლევითი მუშაობის შეფასებას, კვლევაში ჩართულობის და სწავლების პროცესში კვლევის კომპონენტის ჩართულობის მიხედვით. კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები.

3. კვლევის შედეგები საფუძლად უდევს უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევის განვითარების სამოქმედო გეგმებს.

აკადემიური პერსონალის ატესტაცია

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუშაობა განზოგადებულად ფასდება 3 წელიწადში ერთხელ (პროფესორების ატესტაცია)

2. ატესტაციას ერთ-ერთ კრიტერიუმად საფუძვლად უდევს პროფესორის ვალდებულება, შეასრულოს შემდეგი სამი პუნქტიდან რომელიმე, ან მისი სამეცნიერო აქტოვობების ჯამს ჰქონდეს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა უნივერსიტიეტის  სამეცნიერო აქტივობაში:

  • 3 წელიწადში გამოაქვეყნონ 2 სტატია, აქედან მინიმუმ ერთი რეფერირებულ ჟურნალში;
  • 3 წელიწადში 3 საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენციაში მონაწილეობის მიღება;
  • 3 წელიწადში 2 საერთაშორისო ან ადგილობრივი სამეცნიერო გრანტი. 

3.სამ წლიანი პერიოდის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ამ წესის ძალაში შესვლიდან მიღებულ აკადემიურ პერსონალზე. 

4. კონკრეტული მიმართულების აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის შესაძლებელია დაწესდეს კვლევითი მუშაობის ეფექტურობის შეფასების დამატებითი კრიტერიუმები. 

კვლევის ხარისხის შეფასების ინდიკატორები

აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის შეფასების საუნივერსიტეტო ინდიკატორებია:

  • სამეცნიერო პუბლიკაციები უნივერსიტეტის გამოცემებში;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები სხვა გამოცემებში საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • სამეცნიერო პუბლიკაციები იმპაქტ-ფაქტორის მქონე გამოცემებში;
  • საუნივერსიტეტო გრანტები;
  • კვლევითი გრანტები;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები და მონოგრაფები;
  • ციტირებათა რაოდენობა;
  • ჰირშის ინდექსის მაჩვენებელი - ციტირებულ ნაშრომთა რაოდენობა ნაშრომთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით.
Message body empty