ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზის, ასევე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების საჭიროება წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომლითაც დადგინდა არასრულწლოვნის ქონების განკარგვაზე სავალდებულო სასამართლო კონტროლი, ხოლო სასამართლო, თანხმობის გაცემის პროცესში შეიზღუდა მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოკვლევის დათქმით.
საგულისხმოა, რომ კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულ იქნა ხსენებული საკითხის გადაწყვეტის ახლებური მიდგომა, რაც სრულიად უცხო იყო როგორც საქართველოს საკანონმდებლო სივრცის, ისე სასამართლო პრაქტიკისთვის. კანონმდებელმა სასამართლოს მიანდო ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საპროცესო სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგება, რამაც ბიძგი მისცა არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. შედეგად, წარმოიშვა არსებითი ხასიათის სირთულეები როგორც სამართლებრივი სიცხადისა და ლეგიტიმური მოლოდინის, ისე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
წინამდებარე სახელმძღვანელო გათვლილია არა მარტოოდენ მოსამართლეებზე, საქმის განხილვის პროცესში ჩართულ საჯარო დაწესებულებებზე, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებზე, ადვოკატებზე, არამედ ასევე მშობლებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, რათა ამ უკანასკნელთ გაუმარტივდეთ უფლების დაცვის მიზნით ხელმისაწვდომი საშუალებების იდენტიფიცირების, ხოლო სასამართლოს - გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
სახელმძღვანელოში განხილულია საკანონმდებლო რეგლამენტაციის ანალიზი ცვლილებების განხორციელებამდე და მას შემდეგ უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვის ჭრილში; საქმისწარმოების პროცესში არსებული სირთულეები სასამართლო პრაქტიკის ანალიზის გზით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და ბავშვის ინტერესების დაცვის პროცესში არსებული რისკები.
მოცემული ნაშრომი გახლავთ საქართველოს სოციალური სამართლის სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი მცდელობა, დამოუკიდებელ საქართველოში. სოციალური სამართლის დარგის მსგავსად, იგი ორი, ზოგადი და კერძო, ნაწილისაგან შედგება.
პირველ ნაწილში განმარტებულია დარგის სპეციფიკა, სოციალური სამართლის რეგულირების სფერო, შესაბამისი ტერმინები და წყაროები. ასევე, განხილულია სოციალური სამართალის იდეური და ისტორიული განვითარება. სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს იდეა მიმოხილულია არამხოლოდ სამართლებრივ, არამედ ინტერდისციპლინარულ ჭრილში. დეტალურადაა განხილული ის სოციალური უფლებები, რომელიც კონსტიტუციურ სამართლებრივ რანგშია აყვანილი. ასევე განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოში სოციალური უფლების დაცვის სპეციფიკა. პირველი ნაწილი ასევე მოიცავს სოციალური სამართლის ევროპულ განზომილებასაც.
ნაშრომის მეორე ნაწილი კი ეხება კონკრეტული სოციალური დაცვის კონკრეტულ სფეროებს, სოციალური დაცვის სხვადასხვა უწყებრივ და ტერიტორიულ საკითხებს, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფის საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების სასამართლოსადმი მიმართვას და სხვა პროცესუალურ საკითხებს.
წინამდებარე ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს სოციალური სამართლის სფეროს საფუძვლიანი შესწავლა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ იგი საინტერესოა ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მკვლევარებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და სოციალური სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
ისე როგორც ყველა ნაშრომი სამართლის სფეროში, აღნიშნული სახელმძღვანელოც დროთა განმავლობაში მოითხოვს განახლებას აქტუალური საკითხებითა და საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად. შესაბამისად, იგი აქტუალურია, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით.
ნაშრომზე იმუშავეს პროფესორებმა ანა ფირცხალაშვილმა, ეკატერინე ქარდავამ და პაატა ტურავამ.
სოციალური სამართლის სახელმძღვანელო მეგზურობას გაუწევს დაინტერესებულ პირებს სოციალური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლისას და საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობაში.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU-ს მხარდაჭერით და დაფინანსებით გამოიცა SEU-ს ასოცირებული პროფესორის თამარ ავალიანის წიგნის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსია.
უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციურ რანგში აყვანა ნიშნავს მისდამი განსაკუთრებულ პატივისცემას, არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მთელი საზოგადოების და მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
თამარ ავალიანის მიერ განხორცილებული კვლევა, უმცირესობათა უფლებების მრავალმხრივობიდან გამომდინარეობს და იგი ემსახურება არამხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო მიზნებს, არამედ ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამყარებას. მეორეს მხრივ კი იგი გამოხატავს SEU-ს პასუხისმგებლობას, სწავლებითა და კვლევით მხარი დაუჭიროს საზოგადოებაში ტოლერანტობის განვითარებას და მუდმივად იყოს ჩართული მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესებში.
წიგნი შესაძლოა გამოყენებული იქნეს, როგორც დამატებითი სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სასწავლო კურსის სწავლების პროცესში.
ნაშრომი ასევე საინტერესოა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებით დაინტერესებული პირებისათვის, მკვლევარებისთვის და სტუდენტებისთვის.
აკადემიური წერის სწავლების კოორდინირება და ერთიანი მიდგომების დანერგვა საუნივერსიტეტო საქმიანობისა და სამეცნიერო მუშაობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კეთილსინდისიერებისა და ერთიანი აკადემიური სტანდარტების დაცვა არსებითად განაპირობებს წარმატების მიღწევას აკადემიურ საქმიანობაში.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი საერთო სქემისა და ერთიან მეთოდურ ხედვაზე დაყრდნობით შეიქმნა წინამდებარე გზამკვლევი, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტებს აკადემიური წერის ძირითადი მახასიათებლების ათვისებაში,
აკადემიური წერის უნარების განვითარებასა და დახვეწაში, რაც დადებით გავლენას იქონიებს წერის კულტურის ამაღლებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ გზამკვლევი შექმნილია ქართულ და უცხო ენაზე არსებული მასალების დამუშავების საფუძველზე, იგი მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტებს საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ასევე, უცხოეთის უნივერსიტეტებში აკადემიური წარმატების მიღწევაში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიცხადისთვის გზამკვლევში ინფორმაცია წარმოდგენილია სქემების, დიაგრამებისა და ადვილად გასაგები ინსტრუქციების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვანწილად გაუმარტივებს სტუდენტებს აკადემიური წერის პრინციპების ათვისებას და მეგზურობას გაუწევს მაღალი დონის სამეცნიერო ნაშრომის შექმნის პროცესში.
გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში. SEU-ს ასოცირებული პროფესორი ინა შანავას მიერ.
იხილეთ სრულად