სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კვლევითი პროექტები

10 სექტემბერი, 2021



თამარ
ავალიანი - სამეცნიერო კვლევა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები 

ქართულ ენაზე დღემდე არ არსებობს კონსოლიდირებული ლიტერატურა უმცირესობების უფლებებზე, რაც სტუდენტებს  საგნის შესწავლის კუთხით  უქმნის დაბრკოლებებს. უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, არ არის განხორციელებული ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები. ამ კუთხითაც, ეს კვლევა ემსახურება ადამიანის უფლებათა სამართლის განვითარებასა და მის მეცნიერულ გაანალიზებას. კვლევის ფარგლებში, გაანალიზებული იქნება როგორც თეორიული ჩარჩო, ისე სასამართლო პრაქტიკა და უმცირესობების უფლებების დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტები. კვლევა წვლილს შეიტანს როგორც სწავლა/სწავლების ფორმატში, ისე სამეცნიერო კუთხით ადამიანის უფლებათა სამართლის განვითარებაში, აკადემიურ სივრცეში მულტიკულტურალიზმისა და ინტერკულტურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობის კუთხით. შესაბამისად, შეიქმნება პუბლიკაცია (წიგნი), რომელშიც გაანალიზებული იქნება  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის სტანდარტები და მისი დაცვის მექანიზმები. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, პრაქტიკოსი იურისტები, ადვოკატები, რომლებიც შეძლებენ უმცირესობების უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენებას პრაქტიკაში.
 

ინა შანავა - გზამკვლევი აკადემიურ წერაში 

აკადემიური წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი წერის უნარია, რომლის დაუფლებაც თანამედროვე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენს.  კეთილსინდისიერება და აკადემიური სტანდარტების დაცვით ნაშრომების შექმნა საუნივერსიტეტო საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშეც არ იქმნება ახალი ცოდნა და არ ხდება პროფესიული განვითარება. 

სამეცნიერო წერის სახელმძღვანელოებში მოცემულ პრინციპებს სტილისა და ფორმატის შესახებ, შესაძლოა, დაემატოს კონკრეტულ დისციპლინებში არსებული წესები, მოთხოვნები, რაც  ავტორების წინაშე აყენებს  პრობლემას, აირჩიონ სტილი თვითნებურად ან აირჩიონ უნივერსიტეტისა და  კონკრეტული ფაკულტეტის მიერ დადგენილი სტილი. აღსანიშნავია, რომ  განსხვავებები, თავის მხრივ,  არღვევს საუნივერსიტეტო პროგრამების ერთიანობის პრინციპს.  პროექტის მიზანია ერთი საერთო სქემის მიხედვით და ერთიან მეთოდურ ხედვაზე დაყრდნობით აკადემიურ წერაში გზამკვლევის შექმნა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებისათვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა აკადემიური წერის ძირითადი მახასიათებლების ათვისების, განვითარებისა და დახვეწისათვის, რაც უმაღლესი განათლების მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს.

სამეცნიერო მუშაობა კომპლექსური პროცესია, რომლის თანახმადაც, აკადემიური წერის სწავლების კოორდინირება, ერთიანი მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა, პლაგიატის პრევენცია და აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად ხელშეწყობა, რათა სტუდენტებმა შექმნან აკადემიური ნაშრომი კეთილსინდისიერების, ინფორმაციის აკადემიური მახასიათებლების დადგენის, მათი გამოყენების შესაძლებლობების განსაზღვრისა და ფორმატირების აკადემიური სტანდარტების გათვალისწინებით, წარმოადგენს გზამკვლევის შექმნის მთავარ პრინციპს.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სამხარაძე - ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე

საქართველოს კანონმდებლობის რეფორმა და სტაბილური, საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული მარეგულირებელი გარემოს შექმნა შეუქცევადი, თუმცა რთული პროცესია. დრომოჭმული კანონმდებლობის მოდერნიზაციისათვის აუცილებელია ე.წ. „შეხედულებათა ცვლილება“ და თანმიმდევრული ცვლილებები. უკანასკნელ წლებში, ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და ევროპის კავშირის (ევროკავშირი) თანამშრომლობას და ევროპული კანონმდებლობის ფარგლებში ქართული სამართლის ჰარმონიზაციას უკავშირდება. ამ პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია აშკარა სიჭარბე ისეთი თემატიკის მიმართ, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებას, მწვანე ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის უზრუნველყოფასა და წინ წამოწევას.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროცესები ემთხვევა ევროკავშირის მიერ სულ ცოტა ხნის წინ ე.წ. „მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) მიღწევას, რომელიც ევროკავშირის დეკარბონიზაციის უახლესი გეგმაა და 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური ევროპული კონტინენტის შექმნას გულისხმობს. მისი მასშტაბიდან გამომდინარე აშკარაა, რომ „მწვანე შეთანხმება“ არაა მხოლოდ კლიმატ-მეგობრული გარემოს შექმნის მცდელობაა, არამედ ეკო-აზროვნების სრულიად ახალი ევროპული წესრიგი, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება მის სამეზობლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოზე.

მომეტებული საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესის გათვალისწინებით, წინამდებარე პროექტი გულისხმობს აღნიშნული პროცესის სიღრმისეულ კვლევით ანალიზს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) ორ დღიანი ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის გამართვას და მიღებული შედეგების გამოქვეყნებას, რის საფუძველზეც შეფასდება ევროპის მწვანე შეთანხმების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ზეგავლენა საქართველოზე.

ნანა ნიკოლაიშვილი - კომუნიკაციური სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესწავლა სამედიცინო დისკურსში

წარმოდგენილი კვლევა ეხება სამედიცინო დისკურს, კერძოდ, კომუნიკაციური სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესწავლას სამედიცინო დისკურსში. ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია აქტუალური კვლევის საგანია. აღნიშნული ცოდნის გარდა, საჭიროებს პროფესიულ უნარებს, რომელიც ემყარება ლინგვისტიკის პრაგმატულ ასპექტებს, დისკურსს, კომუნიკაციის კულტურულ და სოციო-ლინგვისტურ ასპექტებს. ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფეროში მოხდა პარადიგმის ცვლილება ექიმსა და პაციენტს შორის დამოკიდებულებაში: პატერნალიზმის მოდელი შეიცვალა კოლეგიალური მოდელით, რომლის შესახებაც მწირი კვლევა არის ჩატარებული. ამ მოდელის შესწავლა მოითხოვს კოგნიტური, ენობრივი ასპექტების ანალიზს, რომელიც მოიცავს: კომუნიკაციის ტაქტიკებს, პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიას, უკუგებას („ფიდბექს“), შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებას, პაციენტის დარწმუნებას და ა.შ. აღნიშნული ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანია „ექიმი-პაციენტის“ ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისათვის, რაც თანამედროვე ექიმის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და მიუთითებს მის მაღალ პროფესიონალიზმზე და უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Message body empty