არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და SEU-ს შორის

06 აგვისტო, 2020

6 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია საინფორმაციო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს:

  • გაუზიარებენ ცოდნას შესაბამისი სასწავლო და კვლევითი პროგრამების, სემინარების და სასწავლო ღონისძიებების დარგში;
  • წაახალისებენ პროფესორების, ექსპერტებისა და მკვლევარების ერთმანეთთან დაკავშირებასა და გაცვლას;
  • მხარს დაუჭერენ ტრენინგების მონაწილეთა გაცვლას შესაბამის სასწავლო კურსებზე დასასწრებად;
  • ხელს შეუწყობენ სწავლებისა და კვლევითი პროცესების განვითარებას.

"ახალგაზრდები, საინფორმაციო ცენტრის ერთერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია და ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ახალგაზრდებისთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიზნისთვის სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი რესურსის გამოყენებაც, რათა გავზარდოთ ინფორმაციის გავრცელების არეალი და უფრო მრავალფეროვანი გახდეს კომუნიკაციის არხები - განაცხადა თამარა წულეისკირმა მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობის შესახებ.