ცხადდება სტატიების მიღება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ 2023 წლის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად. ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ გამოიცემა წელიწადში ორჯერ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ.
იგი მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას. ჟურნალი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, მაგისტრის ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები სოციალურ მეცნიერებათა აქტუალურ/პრობლემურ საკითხებზე, პრიორიტეტი მიენიჭება ინტერდისციპლინურად შესრულებულ ნაშრომებს.
თითოეული ნაშრომი, რომელიც წარედგინება სარედაქციო კოლეგიას, უნდა იყოს ორიგინალი. სხვა შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე, დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება ხელახალი ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე.
კონკრეტული სტატიის გამოქვეყნების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალურ, პრობლემატურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული.
ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში წვლილის შეტანას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები, დასაბუთებული მოსაზრებები და ავტორისეული დასკვნები.
ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები, ანტიპლაგიატის ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review) ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი). სტატიები განთავსდება Google Scholar საძიებო სისტემაში.
საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.
ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ვებგვერდიდან https://vectors.ge/, ასევე მიიღება ელ-ფოსტაზე: [email protected]
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი
გისურვებთ წარმატებას!