სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას" 2022 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

06 ივნისი, 2022

4 ივნისს, SEU-ში ჩატარდა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას" 2022 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა სკოლის 750-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, ხოლო ფინალში 122 კონკურსანტი გადავიდა. ფინალურ ტურზე იმდენად დიდი კონკურენცია და თხზულებათა მაღალი ხარისხი იყო, რომ კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებულებად ათის ნაცვლად 15 კონკურსანტი გამოაცხადა: 3 - აბსოლიტური გამარჯვებული, 8 - გამორჩეული და 4 - წარჩინებული. ფინალში ისეთი რამ მოხდა, რამაც ჟიურის წევრებიც გააოცა - სამმა კონკურსანტმა ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენა. ასეთი შედეგის გამო, კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, სამივე კონკურსანტს პირველი ადგილი მიენიჭა და კონკურსის მთავარი სპონსორისგან ერთნაირი ფულადი ჯილდო გადაეცა.

კონკურსის სამი გამარჯვებული გახდა:

  • ნინო ხიდაშელი - თბილისის №191 საჯარო სკოლა; მასწავლებელი - მარინა სინაურიძე;
  • ნინი კანდელაკი - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; მასწავლებელი - თეა ასიეშვილი;
  • ლუკა ბერიშვილი - კერძო სკოლა "ივერონი"; მასწავლებელი - ეკატერინე კაციტაძე.

გამარჯვებულ სამ მოსწავლეს SEU-სგან გადაეცა ათას-ათასი ლარი, მათ მასწავლებლებს კი - 700-700 ლარი. ასევე, სამივე მასწავლებელი პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დააჯილდოვა 500-500 ლარით.

გამარჯვებული და მათი მასწავლებლები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ინტელექტმა, საქართველოს მაცნემ და პეგასმა შესანიშნავი წიგნების სხვადასხვა პაკეტით და სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.

15 გამარჯვებულის გარდა, ჟიურიმ კიდევ გამოარჩია 19 მონაწილე - ჟიურის სიმპატია, რომელთა ნაშრომები, გამარჯვებულების თხზულებებთან ერთად, სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება და ქართველ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ჩვენი მოსწავლეების ნიჭიერებას - ფიქრისა და გამოხატვის კულტურას.

ღონისძიებას ზუმით ჩაერთნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელები - გიორგი ამილახვარი და თამარ ტალიაშვილი. მათ კონკურსანტებსა და მათ მასწავლებელებს წარმატება მიულოცეს და გამოაცხადეს, რომ გამარჯვებულ მოსწავლეებს პარლამენტში მიიწვევენ.

ცერემონიის საპატიო სტუმარი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომელმაც გამარჯვებულებს მიულოცა წარმატება და პირველ სამეულს პრიზები გადასცა. ქალბატონმა თამარმა გამოაცხადა, რომ წარმატებულ კონკურსანტებს მიიწვევს შეხვედრაზე და მათგან წამოსული ყველაზე საინტერესო ხედვებისა და პროექტების განხორციელებაში სამინისტრო დაეხმარება შესაბამის სკოლებს.

დაჯილდოების ცერემონიას უძღვებოდა კონკურსის „ვწერ თავისუფალ თემას“ იდეის ავტორი და ჟიურის თავმჯდომარე - გია მურღულია, რომელმაც საგანგებო მადლობა გადაუხადა კონკურსის მთავარ სპონსორს და ორგანიზატორს - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და კონკურსის მხარდაჭერებს: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს - თანადგომისა და კონკურსის გაშუქებისთვის.

კონკურსი ტრადიციულია და გაისადაც გაიმართება.

 

Message body empty