EN GE

პროგრამის მიზანი

სამედიცინო განათლება და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია ნებისმიერ ქვეყანაში. ეკოლოგიურმა ცვლილებებმა და კაცობრიობის ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია ისედაც მრავალფეროვან პათოლოგიათა ცვალებადობა, ახალი დაავადებების და სინდრომების გაჩენა, რაც მოითხოვს ექიმისგან ღრმა ცოდნას და მაღალ კვალიფიკაციას. წარმატებული საექიმო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ხარისხიანი საბაზისო სამედიცინო განათლების მიღება, სამედიცინო განათლებაში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება და ინტერნაციონალიზაცია.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური დიპოლმირებული მედიკოსის მომზადება. პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და დიპლომისშემდგომი სწავლის გაგრძელებისათვის.
პროგრამის ამოცანებია:

  • მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით ფუნდამენტური ცოდნის, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემა;
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (Life Long Learning – LLL), მოტივაციის და პროფესიული უნარის გამომუშავება;
  • სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემა;
  • კლინიკური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • მომავალი ექიმის პროფესიისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებების და დამოკიდებულებების გამომუშავება.

პროგრამის ბაზისური და კლინიკური კურსები, სამეცნიერო-კვლევითი და კლინიკური პრაქტიკის კომპონენტები უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებას და შიდა და საგარეო შრომით და საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.