სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატასა და სეუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 აგვისტო, 2021

10 აგვისტოს, სასტუმრო „ბილტმორში“ ახალი ბიზნესგაერთიანების: აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საჯარო, კერძო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატასა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ბიზნეს პალატის პრეზიდენტი დარპან პრაშერი და ვიცე-პრეზიდენტები: დავით ცირდავა და გიორგი ოთარიძე. საკუთარის მოსაზრებები დააფიქსირეს ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა დავით ებრალიძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორმა გოდერძი ბუჩაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს პალატა აერთიანებს როგორც საქართველოში მოღვაწე კომპანიებს, ასევე აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენელ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან კავკასიის რეგიონის ბიზნეს კლიმატით და ბიზნესის წამოწყების ან გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მსგავსი ტიპის გაერთიანებების აუცილებლობას მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და პანდემიურ ფონზე.

ბიზნესპალატის მიზანია საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საინვესტიციოს პროექტების რეალიზაცია, სამრეწველო და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა; ასევე, საქართველოს, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

გაერთიანების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გარდაქმნა „ცოდნის ექსპორტიორ“ სახელმწიფოდ, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზრის მომარაგებას კვალიფიციური კადრებით. ჩამოყალიბდება გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალებით; ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა გადამზადების ცენტრი, რომელიც პროფესიონალი კადრების დარგობრივ სრულყოფას უზრუნველყოფს.

Message body empty