სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე“ უმასპინძლა

12 თებერვალი, 2022

10-11 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე.“

აღნიშნული, კონფერენცია გახლავთ პირველი ნაბიჯი, როდესაც ევროპის მწვანე შეთანხმების მნიშვნელოვანი ამბიცია და პროცესი შედის აკადემიურ დისკურსში.

კონფერენცია გახსნეს SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა და SEU-ს ვიცე-რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით, დოქტორმა ასოც. პროფესორმა გოგა ბუჩაშვილმა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ცნობილი ევროპელი და ქართველი ექსპერტები:

  • ირაკლი სამხარაძე - სამართლის დოქტორი და SEU-ს ასოცირებული პროფესორი, რომელმაც მოხსენება წარმოადგინა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც არის, ევროპის მწვანე შეთანხმება და საქართველო ევროკავშირის საპარტნიორო-სამეზობლო პოლიტიკის არეალში: ხედვები, რისკები და შესაძლებლობები;
  • კურტ დეკეტელაერე - ბელგიის ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალური მდივანი და ბრიუგეს მდგრადი განვითარების კოლეჯის დირექტორი;
  • მატეო ფერმელია - სამართლის დოქტორი, ბელგიის ჰაზელტის უნივერსიტეტის (UHasselt) გარემოს დაცვისა და ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი;
  • მარკუს კერბერი - გერმანელი ექსპერტი, ევროპოლისის ხელმძღვანელი, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ქეთევან ვარდოსანიძე - SEU-ს მოწვეული ლექტორი, მკვლევარი კიოლნის უნივერსიტეტში, რომელმაც განიხილა საქართველოს კლიმატის ცვლილების პოლიტიკა;
  • გიორგი ხარშილაძე - SEU-ს მოწვეული ლექტორი, ისაუბრა მწვანე შეთანხმების ეკონომიკურ ასპექტებზე;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორები ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე, ელენე ფანცხავა და დოქტორანტი თამარ კანაშვილი. მათ ისაუბრეს თუ რა გავლენა ექნებოდა მწვანე შეთანხმებას ქართულ ენერგო სექტორზე;
  • შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. გიორგი რაზმაძე, რომელმაც სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა მწვანე მოძრაობის გავლენა და განიხილა ინვაირონმენტალისტური კინო და სამართლიანი საზოგადოების პრინციპები;
  • ქეთევან ლატარია - ასოც. პროფესორი შოთა მესხიას ზუგდიდის უნივერსიტეტში. მან გაგვიზიარა მწვანე პროდუქტების მოხმარების შესახებ კვლევის შედეგები ზუგდიდისა და ქუთაისის მოსახლეობის მაგალითზე.

აღსანიშნავია, რომ ქართული პანელის მოდერატორი იყო ჩვენი პროფესორი, ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დავით ჩახვაშვილი.

კონფერენციაში ასევე, მონაწილეობდნენ პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის პროფესორები: მარტინ დალი, კაროლ ჟენე, კაროლ სტრზალა, ანასტასია მენშიკოვა, ირინა ბურჩენკო და სხვები.


კონფერენციის ფარგლებში, განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • მწვანე შეთანხმება ევროპულ ჭრილში: ევროკავშირის კანონმდებლობა კლიმატის შესახებ და “Fit for 55” პაკეტის მიმართ ადეკვატურობა;
  • ევროპის მწვანე შეთანხმების განხორციელება: ევროკავშირის მისწრაფებებსა და წევრი სახელმწიფოების შეზღუდვებს შორის მმართველობის რეგულაცია;
  • ევროპის მწვანე შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის არეალში: რისკები, შესაძლებლობები და ხედვები;
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის კონტექსტში დანახული ევროპის მწვანე შეთანხმება;
  • ევროპის მწვანე შეთანხმების როლი საქართველოს ენერგო სექტორზე, მისი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები;
  • ზუგდიდისა და ქუთაისის მოსახლეობის მიერ მწვანე პროდუქტების მოხმარების სტატისტიკის ანალიზი;
  • ინვაირონმენტალისტური კინო და სამართლიანი საზოგადოების პრინციპები.

კონფერენცია ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში, ადგილზე დასწრებით და  Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

Message body empty