სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კვლევითი პროექტები

20 ოქტომბერი, 2022

კვლევითი კომპეტენციების შეფასების მექანიზმები საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში - გამოწვევები და შესაძლებლობები

პროექტის ხელმძღვანელი: სერგო ჭელიძე

დარგი/მიმართულება: განათლების ადმინისტრირება/ინტერდისციპლინარული

წინამდებარე კვლევის პროექტი წარმოადგენს მკვლევართა და ჯგუფის სხვა წევრთა მცდელობას, განახორციელონ იმ ქვეყნის რეალობაში არსებული იმ მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლა-ანალიზი, რომელიც დღევანდელ სამეცნიერო საზოგადოებაში მეტად მწვავედ დგას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე 17 წელია, რაც  ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანაა, განათლების სისტემაში დარჩენილია მთელი რიგი  საკითხები, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, მისი მდგრადი განვითარებისთვის.  უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ინტელექტუალური რესურსების გადინება, მეცნიერებაში არსებული სირთულეები. პრობლემად რჩევა, ასევე,  უნივერსიტეტებში მოღვაწე აკადემიურ პერსონალის მდგომარეობა, რომელთაც, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ  არ აქვს შესაბამისი პირობები (რესურსები: დრო, ფინანსები, პროფესიული განვითარება) იმისათვის, რომ კვლევას მნიშვნელოვანი დრო დაუთმონ, ღირებული პროდუქტი შექმნან და ამით წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

შესაბამისად, კვლევის პროცესში ჯგუფი მიზნად ისახავს გამოავლინოს აკადემიური პერსონალის  წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები, მათი შესაძლო გადაჭრის გზები და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შეაფასოს ქვეყნის შესაძლებლობები და პოტენციალი სამეცნიერო კვლევებთან მიმართებაში, მათი მდგრადობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

 

მიგრაციის ევროპული გამოცდილება - მიდგომები, გამოწვევები და შესაძლებლობები

პროექტის ხელმძღვანელი: ირაკლი სამხარაძე ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი

დარგი/მიმართულება: ინტერდისციპლინარული

21-ე საუკუნის დასაწყისში, მიგრაციული მოძრაობის ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა, ერთი მხრივ, მიგრანტების უფლებათა დაცვა და სახელმწიფოთა მხრიდან მიგრაციის პროცესების რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი უსაფრთხოების საკითხები და, ამასთანავე, შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონფლიქტებიც.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2022 წელს გახდა, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ოკუპაციის შემდგომ. გარდა იმისა, რომ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას უწევს იძულებით დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი და უსაფრთხო ადგილს მიაშუროს, დიდია თვით რუსეთის მოქალაქეების გადინება რუსეთიდან. განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში სადაც მათზე არ ვრცელდება სავიზო რეჟიმი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მაგალითი. უდავოა, რომ მიგრაციის პოლიტიკა ევროპის კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური თემაა. განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, ის რომ აღნიშნული საკითხი ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ცხარე დისკუსიის თემა ხდება. ამიტომ მით უფრო მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული განხილვა, რადგან ერთის მხრივ არ მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით, ხოლო მეორეს მხრივ დაცული იქნეს ქვეყნის სუვერენიტეტი. საგულისხმოა, რომ მიგრაციის თემატიკა მსოფლიოს 2030 (Agenda 2030) დღის წესრიგისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო საკითხია.

ჩატარდება ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია და მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები მოგვიანებით გამოქვეყნებული იქნება სამეცნიერო ჟურნალში ან შესაბამის სახელმძღვანელოში;

მოხდება მიღებული შედეგების თავმოყრა და დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის თემატიკა აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ამ სფეროში და შეზღუდულად იკითხება აღნიშნული დისციპლინა, შესაძლებელია მომზადდეს სასწავლო კურსის სილაბუსი.

კვლევითი კომპეტენციების შეფასების მექანიზმები საქართველოს უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში - გამოწვევები და შესაძლებლობები.

 

ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება და არსებული გამოწვევები.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია მახათაძე

დარგი/მიმართულება: სამართალი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებით ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვები გახდა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიზღუდა ბავშვის საუკეთესო ინტერესის გამოკვლევის დათქმით. საგულისხმოა, რომ საკითხის ამგვარი რეგლამენტაცია სრულიად ახალია ქართული სინამდვილისთვის. შესაბამისად, ბავშვის ქონების განკარგვაზე სასამართლო კონტროლის აუცილებლობაზე მითითების გარდა, მოწესრიგებას საჭიროებს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. საგულისხმოა, რომ კანონმდებელმა არ მოახდინა ხსენებული საკანონმდებლო სიახლის საპროცესო-სამართლებრივი ასპექტების სრულყოფილი საკანონმდებლო რეგლამენტაცია, რამაც წარმოშვა მთელი რიგი ბუნდოვანებები როგორც სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, ისე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არაერთგვაროვანი და ხშირად არსებითად შეუსაბამოა სასამართლო პრაქტიკა ხსენებული საკითხთან დაკავშირებით, რაც არსებითად ართულებს სახელმწიფოს უმთავრესი - ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას. საგულისხმოა, რომ არ არსებობს რაიმე სიღრმისეული კვლევა თუ მონოგრაფია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც აორმაგებს მისი კვლევის ინტერესს. საპროცესო სამართლებრივი ასპექტების სრულად დაურეგულირებლობის პირობებში წარმოიშობა პროცესის მონაწილეთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის მომეტებული რისკები. ამასთან, კოორდინაციის მექანიზმის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ბავშვის კეთილდღეობის მიღწევის ინტერესს.

პროექტი ითვალისწინებს სიღრმისეული კვლევის განხორციელებას ბავშვის ქონების განკარგვის თაობაზე არსებული გამოწვევების სრულყოფილი იდენტიფიცირების და მათი დაძლევის მიზნით. კვლევის ფარგლებში განხორცილდება როგორც ბავშვის ქონების განკარგვის თაობაზე არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს, ისე სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. საბოლოოდ შეიქმნება სახელმძღვანელო, რომელშიც გაანალიზებულ იქნება ბავშვის ქონების განკარგვის საკითხის განხილვის თავისებურებანი და მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები.

 

სკოლამდელი განათლების გამოწვევები და ალტერნატიული განათლების საჭიროება

პროექტის ხელმძღვანელი: მადონა კეკელია

დარგი/მიმართულება: ფსიქოლოგია

საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესს და ზოგადი საგანმანათლებლო საქმიანობისას, კონკრეტულ შემთხვევებში, უშვებს ალტერნატიული განათლების მიღების შესაძლებლობას.  მათ შორის არაფორმალური განათლება არ გულისხმობს ფორმალური განათლების ალტერნატივას. არაფორმალური განათლება მოიაზრებს ფორმალური განათლების სრულყოფისა და შევსების მიზნით განხორციელებულ აქტივობებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. 

სკოლამდელი განათლების სტანდარტიზაცია და დაწესებულებების ავტორიზაცია წარმოადგენს ერთგვარ რისკს ალტერნატიული განათლების მიმწოდებელთათვის. რა დროსაც არსებობს ალბათობა, რომ გაწერილი სტანდარტები იქნება ხისტი, დააწესებს განათლების ადმინისტრირების კონკრეტულ ფორმებს, გასცდება საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევ ავტონომიურ დაგეგმარებას და განსაზღვრავს პროცესის შეზღუდულ მოწყობას, რითიც საქართველოში მოქმედ ალტერნატიული განათლების გამწევ ბაგა-ბაღებს შეუწყვეტს სკოლამდელი განათლების მიმწოდებლის სტატუსს.

კვლევა მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში ალტერნატიული განათლების ფორმების გათვალისწინების აუცილებლობის დასაბუთებას.  მიზნის მისაღწევად იგეგმება საქართველოში მოქმედი ალტერნატიული განათლების მიმწოდებელი ბაგა-ბაღებისა და არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღმზრდელო მიზნების ერთმანეთთან შესაბამისობის დადგენას.

 

დომინანტური მენეჯერული სტილის კვლევა საქართველოში ჰოფსტედეს კულტურული განზომილებების კონტექსტში

პროექტის ხელმძღვანელი: დავით ჩახვაშვილი

დარგი მიმართულება: ადამიანური რესურსების მართვა/მენეჯმენტი

კომპანიების სურვილმა გააფართოვონ თავიანთი საქმიანობის საზღვრები და გადაიქცნენ დიდ მრავალეროვნულ კორპორაციებად, ორგანიზაციების საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობამ, ისევე როგორც მთლიანობაში მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციამ, ორგანიზაციული ქცევის ახალი პრობლემები გამოავლინა, რომლებიც კულტურების განსხვავებებთან არის დაკავშირებული.

ბოლო დროს აშკარა გახდა, რომ საერთაშორისო ბიზნესის ეფექტურობა დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეროვნული კულტურის მახასიათებლების გააზრებაზე, ერების კულტურულ განსხვავებებთან ადაპტაციის უნარზე. ვინაიდან ეს ფაქტორები, მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანების ქცევაზე და ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღებაზე. ეროვნული კულტურა და მასთან დაკავშირებული მდგენები, ღირებულებები და ფასეულობები უნდა შევისწავლოთ როგორც კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობისთვის დამახასიათებელი ნიშანი და მათი კვლევა მართვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

შემოთავაზებული კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს გადაწყვეტილების მიღების დომინანტური სტილი ქართველი მენეჯერებისთვის. კვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის დაყოფა ასაკის, განათლების, მენეჯერული დონეების და სქესის მიხედვით მოხდება, რაც საშუალებას მოგვცემს ქართველი მენეჯერების 16 პროფილი და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის სტილი აღვწეროთ.

 

Message body empty