სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ასოცირებული პროფესორი აშშ - ში, მსოფლიო სამართლის კონგრესზე მიიწვიეს

22 ივლისი, 2023

20-21 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს ასოცირებული პროფესორი, ირაკლი სამხარაძე მიწვეული იყო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (World Jurist Association) და მსოფლიო სამართლის ორგანიზაციის (World Law Foundation) მიერ ორგანიზებულ რიგით 28-ე მსოფლიო სამართლის კონგრესზე, როგორც SEU-ს ასოცირებული პროფესორი და SEU - ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

მსოფლიო სამართლის კონგრესს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების სათაო ოფისსა და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციაში უმასპინძლა.

ირაკლი სამხარაძე მსოფლიო სამართლის კონგრესზე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ევროპის კლიმატის სამართალი - ექსტრატერიტორიულობის თეორია კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში და საზღვრებს მიღმა ამბიცია“.

მსოფლიო სამართლის კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 300 ზე მეტი სახელმწიფო მოღვაწე, იურისტი, ადვოკატი, მოსამართლე და სამართლის სპეციალისტი სხვადასხვა დისციპლინიდან, რათა განიხილონ კანონის უზენაესობის გლობალური მდგომარეობა და სამართლის სფეროში არსებული უახლესი გამოწვევები.

მიმდინარე წელს ღონისძიებას დაესწრო მრავალი უმაღლესი თანამდებობის პირი, მათ შორის ანტონიუ გუტერეში (გაეროს გენერალური მდივანი), ფილიპე VI (ესპანეთის მეფე), ჯასტინ ტრუდი (კანადის პრემიერ მინისტრი), როვან ვილსონი (ნიუ იორკის შტატის მთავარი მოსამართლე), სუზან კოლმანი (ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი), გილერმო ლასო (ეკვადორის პრეზიდენტი) და სხვ.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტატუსით იმყოფებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ვონ დერ ლაიენი, რომელიც ევროპის კავშირის სახელით მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების მედლით დაჯილდოვდა. ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ ასევე მსოფლიო სამართლის სფეროში გამორჩეული სხვა პირები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, კანადიდან და სამხრეთ ამერიკიდან.

ირაკლი სამხარაძე მსოფლიო სამართლის კონგრესზე მიწვეული იყო მომხსენებლის სტატუსით, სადაც წარსდგა უნივერსიტეტის მხარდაჭერით და სიტყვით გამოვიდა მსოფლიო სამართლის საზოგადოების წინაშე. ღონისძიების მსვლელობის პარალელურად შეხვედრები გაიმართა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA) აღმასრულებელ დირექტორთან და კორპორატიული ურთიერთობების ხელმძღვანელთან, სადაც განიხილეს ასოციაციის მუდმივი წარმომადგენლობის დაფუძნების პერსპექტივები საქართველოში. შედეგების შესახებ საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცნობება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://worldjurist.org/

https://wlc-nyc.com/




Message body empty