სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

• შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის არსის, პრინციპებისა და ინსტიტუტების, აგრეთვე ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ;


• შესძინოს ფართო ცოდნა საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში;


• გამოუმუშაოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილების დასაბუთების, იურიდიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის უნარი;


• გამოუმუშაოს მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარების, შერჩეული მიდგომის დასაბუთების და შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;

• გამოუმუშაოს მშობლიურ ან/და უცხო ენებზე საჭირო ინფორმაციის, საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მიდევნებისა და მოძიების, ცოდნის განახლებისა და სწავლის უნარი, ასევე მოძიებული ინფორმაციის თაობაზე, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;


• გამოუმუშაოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის, პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული აღწერს:

• სამართლის არსს, ნიშნებს, ფუნქციებს, ძირითად პრინციპებს და მათ მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის, სამართლებრივ სისტემებს, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებსა და სტადიებს, განმარტების მეთოდებს, სამართლის ნორმის სტრუქტურას და სახეებს, ქართული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებსა და ინსტიტუტებს, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, სამართლის ნორმის შეფარდების სტადიებს, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს.

• სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებს და ეროვნული მოდელის თავისებურებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებს, ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს და ადმინისტრაციული წარმოების სახეებს, საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სტადიებს და თავისებურებებს.


• კერძო სამართლის სისტემას, სამოქალაქო სამართლის ცნებებს, სანივთო სამართლის სისტემას და პრინციპებს, სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებს, სამეწარმეო თავისუფლებისა და შრომის უფლების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების სტადიებს და თავისებურებებს.


• სისხლის სამართლის არსს და პრინციპებს, დანაშაულის არსს და სახეებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, სასჯელთა სისტემას, სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებს და თავისებურებებს.


• საერთაშორისო სამართლის სისტემას, საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად პრინციპებს და ინსტიტუტებს, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობების თავისებურებებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობას.



განსაზღვრავს:

სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზებს და მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს.


უნარი:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

• ახდენს მიღებული ცოდნის საფუძველზე სამართლის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს უახლესი მეთოდების გამოყენებით.

• ადგენს სამართლებრივ დოკუმენტებს;

• აანალიზებს და იყენებს სამართლის ნორმებს იურიდიული მოქმედებების განხორციელების მიზნით;

• შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის სტრატეგიას და ტაქტიკას ეთიკის ნორმების გათვალისწინებით;

• აანალიზებს სამართლის სფეროში არსებულ პრობლემებს, ავითარებს მათი გადაწყვეტის გზებს, აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს, მსჯელობს სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერითი ფორმით, მშობლიურ ან/და უცხო ენაზე; შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის სტრატეგიას და ტაქტიკას ეთიკის ნორმების გათვალისწინებით.

• მოიძიებს სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• მონაწილეობს სამართალწარმოების პროცესში სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით და იურისტის ეთიკური და პროფესიული ქცევის ნორმების ფარგლებში, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს;


• წარმართავს საკუთარი და სხვების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით;


• ავლენს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპით, ცოდნის განახლების უნარს.

დაშვების წინაპირობა

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.


ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, მუხ. 52).


სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ პირი ვალდებულია უნივერსიტეტს წარუდგინოს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დასაქმების სფერო

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს იურიდიული პროფილის ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კანონი არ ითხოვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამატებით წინაპირობებს.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

• საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
• სასამართლო ორგანოებში;
• სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
• კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ან სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციებში.


სამართლის ბაკალავრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში როგორც პროკურორმა, ადვოკატმა, გამომძიებელმა, მოსამართლის თანაშემწემ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით), სასამართლო სხდომის მდივანმა; იყოს ნოტარიუსი, ნოტარიუსის თანაშემწე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით). მას ასევე შეუძლია განახორციელოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.


იხილეთ სამართლის პროგრამა სრულად

ზოგადი ინფორმაცია

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

Message body empty